Saturday, April 2, 2011

კითხვები ფსიქოლოგთან

1   მინდა გითხრათ, რომ მაქვს ფსიქოლოგიური პრობლემა, ვარ ძალიან მორიდებული და მაქვს სიწითლის შიში, ხალხმრავლობაში ყოფნის დროს სულ მეშინია, ვინმემ ჩემზე რამე არ თქვას და არ გავწითლდე. ძალიან დავიტანჯე ამ პრობლემით და ცხოვებაშიც ბევრი რამით უკან დამწია. სკოლაში და ინსტიტუტშიც თავს ვერ ვიჩენდი იმიტომ, რომ ვიცოდი, გავწითლდებოდი და ყველა დამცინებდა. თან ძალიან თეთრი ვარ და საშინლად მეტყობა. მე ვთვლი, რომ ეს ჩემი ძალიან დიდი პრობლემაა. იქნებ მირჩიოთ, სად მივიდე ფსიქოლოგთან და საერთოდ, განკურნებადია თუ არა ეს ფსიქოლოგიური პრობლემა? 

- სამედიცინო ენაზე ამ მდგომარეობას ერითროფობია ეწოდება. ერითროფობიის სიტყვასიტყვით თარგმანი ნიშნავს "შიშს, რომ არ გაწითლდე". დასავლეთში მას ბლაშინგ-სინდრომსაც უწოდებენ, რადგან Bლუსჰ - ინგლისური სიტყვაა და გაწითლებას ნიშნავს. სახეზე ამგვარი წამოწითლება დაკავშირებულია ნერვული სისტემის არასწორ მუშაობასთან. კერძოდ, ვეგეტაციური ნერვული სისტემა არასწორად რეაგირებს გარე გამაღიზიანებლებზე. შედეგად, ადამიანი სახეზე იწყებს წამოწითლებას სულ მცირე მღელვარების დროსაც კი. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რადგან აქვს არა მარტო ფიზიოლოგიური, არამედ სოციალური ხასიათიც და ადამიანი შეიძლება ნევროზამდე მიიყვანოს. ერითროფობიის მქონე ადამიანები ხშირად ვერ იკეთებენ კარიერას, რადგან ეშინიათ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის, ეშინიათ ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლის, ერთი სიტყვით, ერითროფობიას ახასიათებს სოციოფობია. ასეთ შემთხვევაში, არც თუ ისე იშვიათობაა პირადი ცხოვრების მოუწყობლობაც. ერითროფობიის მკურნალობა შესაძლებელია და იგი გულისხმობს ფსიქოლოგის ან ფსიქოთერაპევტის კონსულტაციას (სამწუხაროდ კონკრეტულ სპეციალისტს ვერ დაგისახელებთ), სედატიური საშუალებების დანიშვნას. გარდა ამისა, ბლაშინგ-სინდრომის დროს ინიშნება B3 და B5 ვიტამინები, რადგან ისინი ამაგრებენ სისხლძარღვების კედლებს.
გირჩევთ, არ იფიქროთ იმაზე, გაწითლდებით თუ არა, რა მოხდა მერე, თუნდაც გაწითლდეთ, ამაში არაფერია სამარცხვინო, სამარცხვინო მხოლოდ უღირსი საქციელია, თქვენ კი იმით, რომ სახეზე წითლდებით, არანაირ უღირს საქციელს არ სჩადიხართ. თუ ვინმე აღნიშნავს, რომ სახეზე წამოწითლდით, გაიცინეთ ამაზე. თუ თქვენ მოახერხებთ იმას, რომ სახეზე წამოწითლება თქვენთვის პრობლემა არ იქნება, ანუ ამას აღარ განიცდით, მაშინ დროთა განმავლობაში ერითროფობია გაგივლით. თუ ამას ვერ მოახერხებთ, მაშინ მიმართეთ ფსიქოლოგს, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ




2   ვარ 18 წლის გოგო და როგორც დავასკვენი, მჭირს სოციოფობია. აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას მეწყება კანკალი, გულის ფრიალი და საშინელ მდგომარეობაში ვვარდები. ეს მარტო ახალ გაცნობილ ადმიანებთან მჭირს. გული საშინლად მტკივა ამის გამო, რომ ცოდნის რეალიზებას ვერ ვახდენ და ზოგჯერ ისტერიკულ ტირილამდე მივდივარ. გევედერებით მომეცით რამდენიმე რჩევა, რითაც დავძლევ ამ დაავადებას ექიმთან წაუსვლელად. 

- მსგავსი მდგომარეობის დაძლევა ექიმთან წაუსვლელად შეუძლებელია, თქვენ დაგჭირდებათ ფსიქოლოგის დახმარება.
 



3    14 წლის ვარ, დარწმუნებული ვარ რომ მაქვს ერითროფობია. მშობლებს ეს სისულელედ მიაჩნიათ და ამის თაობაზე რომ ველაპარაკები, არ მისმენენ. მე კი თავს საშინლად ვგრძნობ, გარეთ გასვლაც არ მინდა. თან საქმე იმაშია, რომ ძალიან მიყვარს მსახიობობა, ბავშვობაში არავითარი პრობლემა არ მქონია შემიძლია ვთქვა, რომ ზედმეტად თამამიც ვიყავი და ახლა ხალხის მეშინია, თავს ცუდად ვგრძნობ და ხალხმრავალ ადგილებში ძალიან ვოფლიანდები. ასევე, თუნდაც სკოლაში, ადამიანთან უბრალო დალაპარაკებაზეც კი ვწითლდები. მგონია, რომ ამას არაფერი არ ეშველება. არადა ვიცი, რომ ჩემი ბრალია. შეიძლება თუ არა ამ პრობლემის მოგვარება? 

- რასაკვირველია, პრობლემის მოგვარება შეიძლება (და საჭიროცაა) და ამაში დახმარებას ფსიქოლოგი გაგიწევთ. მანამდე კი გირჩევთ, მშობლებს წააკითხოთ ჩვენ საიტზე ნინო ჩარგეიშვილის ინტერვიუ დერმატოლოგ ლია ჭითანავასთან _ "რატომ წითლდება და ოფლიანობს ადამიანი".
 





4     28 წლის ვარ. მაქვს ფობია - სულ დამყვება ცუდად გახდომის შიში და აკვიატებული აზრები. ასევე თავბრუს ხვევები და ხან რა და ხან რა. დიაგნოზი დამისვეს - ფობია ვეგეტატური დისფუნქცია, ვცდილობ მედიკამენტების გარეშე ვებრძოლო თავს, მაგრამ ძალიან მიჭირს, არც წამლებმა არ მიშველეს. მაინტერესებს, ეს ავადმყოფობა თავისით გაივლის? როდესაც დილით ვვარჯიშობ და საღამოს ლუდს დავლევ 1,5 ლიტრს, მაგ დღეს კარგად ვგრძნობ თავს. და კიდევ, როდესაც ამინდი იცვლება, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს რაღაც უბედურება უნდა მოხდეს, ღრუბლიან ამინდს ვგულისხმობ. გთხოვთ, მირჩიოთ რამე, ჩემთვის ყოველი დღე ჯოჯოხეთია, ფსიქოტროპულმა წამლებმა ტვინი სულ გამითიშეს.

- პირველ რიგში გირჩევთ ზედმიწევნით შეასრულოთ ექიმის დანიშნულება. წამლები აუცილებლად უნდა დალიოთ, ექიმის მიერ შერჩეული და სწორად დოზირებული ფსიქოტროპული პრაპარატები იშვიათად იწვევს გვერდით ეფექტებს. თუ თქვენმა ექიმმა ეს საშუალებები დაგინიშნათ, ე.ი. მათი მიღება აუცილებელია. რაც შეეხება ალკოჰოლს, შეიძლება ალკოჰოლმა იმ წუთში შვება მოგცეთ, მაგრამ შემდგომ გაცილებით დაამძიმებს თქვენს მდგომარეობას.
ასე, რომ კიდევ ერთხელ გირჩევთ, ზედმიწევნით შეასრულოთ ექიმის დანიშნულება




       5  მაინც საიდან მოდის შიში?

მოდი, წარმოვიდგინოთ ბავშვის დაბადება. ის მშვიდად მოკალათებულა დედის სხეულში, მაგრამ დგება დრო, როცა ადგილი საკმარისი აღარ არის და პატარა ამ ქვეყანას ევლინება. ამ მომენტში იბადება შიშიც, სიცივის, მტრულად განწყობილი გარემოს შიში. ბავშვი იზრდება, ვითარდება, ემოციურად რეაგირებს მოზრდილი ადამიანის დანახვაზე, სწავლობს თავის დაჭერას, გადატრიალებას, ჯდომას, ცოცვას, თანდათან სცილდება დედას. 8-10 თვის ასაკში ბავშვი არჩევს თავისიანებსა და უცხოებს, მას უჩნდება უცნობი ადამიანის შიში. ის ყველას აღარ აძლევს უფლებას, ხელში აიყვანოს. ერთი წლის ბავშვის მარტო დატოვება საკმაოდ რთულია. ერთი მხრივ იმიტომ, რომ ის უკვე დიდია და დადის, აქტიურად იკვლევს სამყაროს, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ ეშინია. რა ხდება შემდეგ? პატარა იზრდება, 1,5-2 წლის ასაკში მას უკვე შეუძლია რამდენიმე ხანს უფროსების გარეშე ყოფნა, დამოუკიდებლად თამაში, თუმცა ახალ უნარებთან ერთად ახალი შიშიც ჩნდება: ბავშვს ეშინია ბინაში არსებული ხმების, ექიმის, თუ ის ნემსებთან ასოცირდება. 3-4 წლის ბავშვს ეშინია ზღაპრების პერსონაჟების ან სიბნელის, რომლიდანაც ისინი შეიძლება "გამოძვრნენ". ამავე ასაკში პატარებს შეუძლიათ, მშობლების აკრძალვის მიუხედავად, აცოცდნენ სიმაღლეზე (აი, სად ვლინება 3 წლის ასაკის კრიზისი!) და ჩამოსვლის შეეშინდეთ, რადგან ძალიან მაღლა არიან. გავიხსენოთ ჩვენი შიშები 5-6 წლის ასაკში. მრავალ ჩვენგანს, როცა ბებიასთან დატოვებდნენ, ეშინოდა, რომ დედა ან მამა დიდხანს აღარ მოვიდოდნენ. ზოგჯერ პატარა ბავშვს ამ ასაკში სიკვდილის შიში უჩნდება. ის უცნაურ შეკითხვას სვამს: "დედა, მე მოვკვდები?" ეს არ არის გასაკვირი. პატარა ბავშვი ხომ თანდათან აღმოაჩენს ამ სამყაროს და ზღაპრების პერსონაჟთა როლსაც მოირგებს ხოლმე, ისინი კი არა მარტო მღერიან ან ცეკვავენ, ზოგჯერ იხოცებიან კიდეც. ჩამოთვლილი შიშები პათოლოგია არ არის. მაგრამ თუ ბავშვი მუდამ ერთი და იმავე შიშის შესახებ ლაპარაკობს და მას ვერ ძლევს, ესე იგი მას აქვს მყარი ფობია. ამ შემთხვევაში აუცილებელია ბავშვთა ფსიქოლოგის დახმარება.

No comments:

Post a Comment